შესვლა
Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა
  • 23-02-2021, 03:27
  • სიახლეები / ბლოგი
  • 18
  • 0
Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა , ჯერი ევროკავშირის ქვეყნებზეა  📢
📣 კომპანია Facebook-ის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი მომხმარებლები მსოფლიოში მიმდინარე ახალ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით ვეღარ გაეცნობიან. ანალოგიური აკრძალვა შეეხო დანარჩენ მსოფლიოსაც, რომელიც მწვანე კონტინენტიდან სიახლეებს Facebook-ით ვეღარ მიიღებს. ეს უპრეცედენტოდ მკაცრი გადაწყვეტილება კომპანიამ იმიტომ მიიღო, რომ თავისი შემოსავალი ავსტრალიურ საინფორმაციო სააგენტოებსა თუ მედიასაშუალებებს არ გაუზიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შესაბამისი კანონი ჯერ მიღებული არ არის, Facebook-ი და Google-ი უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ინიციატივას ახალი ამბების კონტენტის აკრძალვით ემუქრებიან. თუმცა დანაპირები მხოლოდ მარკ ცუკერბერგის კომპანიამ შეასრულა, Google-მა კი გადაწყვიტა, ავსტრალიური ახალი ამბების გაზიარებისთვის გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ აქ ათობით მილიონ დოლარზეა საუბარი.

რა მოხდა? 
18 თებერვლის დილას ავსტრალიელები ყოველგვარი სიახლის გარეშე შეხვდნენ. ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ახალ ამბებს ფეისბუქით ეცნობოდა - სოციალურმა ქსელმა ნებისმიერი შინაარსის სიახლის გამოქვეყნება მთლიანად შეწყვიტა. ავსტრალიურმა საინფორმაციო სააგენტოებმა და მედიასაშუალებებმა თავიანთი პუბლიკაციების განთავსება ვეღარ შეძლეს - მათი გვერდები სოციალურ ქსელში უბრალოდ დაცარიელდა. იგივე მოხდა საერთაშორისო მედიის გვერდებზეც, როდესაც მათ გაცნობას ავსტრალიელი მომხმარებლები ცდილობდნენ. 

უფრო მეტიც, თავად მომხმარებლებმაც ვეღარ შეძლეს, ახალი ამბების გვერდებიდან პუბლიკაციების ბმულები გაეზიარებინათ - მაშინვე გაჩნდა ფანჯარა, რომ ეს უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა, სოციალურმა ქსელმა სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც დაბლოკა ავსტრალიური მედია ან მათი გვერდებიდან ინფორმაციის გაზიარება აკრძალა. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ავსტრალიის მოსახლეობა, ფაქტობრივად, ახალი ამბებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. 2020 წელს კანბერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალურ ქსელს ავსტრალიელების 21%-ი მიიჩნევს, მოსახლეობის 39%-ი კი ახალ ამბებს ძირითადად Facebook-დან იღებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით საერთაშორისო მედიის სოციალური ქსელის გვერდებიც ავსტრალიური აუდიტორიის გარეშე დარჩა.

რა იყო ამის წინაპირობა?
როგორც თავად Facebook-ი განმარტავს, ეს ”არც თუ ისე მარტივი” ნაბიჯი არის კომპანიის რეაქცია ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შესწორებაზე (News Media and Digital Platforms სავალდებულო შეთანხმების კოდექსში), რომლის წინააღმდეგაც ციფრული პლატფორმები სამი წელია იბრძვიან. აღნიშნული ცვლილება ონლაინ პლატფორმებს ავალდებულებს, ახალი ამბების გამავრცელებელ ორგანიზაციებთან ხელშეკრულება  გააფორმონ და სააგენტოების მიერ შექმნილი მასალის განთავსებისთვის ფული გადაიხადონ. დოკუმენტი კონტენტის ფასს  არ განსაზღვრავს. თუმცა ის არეგულირებს წესებს, რომლითაც ციფრულმა პლატფორმებმა და ახალი ამბების გამავრცელებლებმა სამართლიან ანაზღაურებაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. 

ამ კანონს წინ უძღოდა 2017 წელს ავსტრალიაში დაწყებული ანტიმონოპოლიური გამოძიება, რომელიც ახალი ამბების მედიის ბიზნესზე ციფრული პლატფორმების გავლენას ეხებოდა. საინფორმაციო სააგენტოები თუ სხვა მედიასაშუალებები ჩიოდნენ, რომ მათი სარეკლამო შემოსავლები ონლაინ პლატფორმებისკენ მიედინებოდა. მათ ამაში გარკვეულწილად აღნიშნული ორგანიზაციების მიერ შექმნილი ახალი ამბების გავრცელებაც ეხმარებოდა, თუმცა ციფრული პლატფორმები გაზიარებული კონტენტისთვის მედიასაშუალებებს ფულს არ უხდიდნენ. ანტიმონოპოლიურმა კომისიამ მხარი მედიაორგანიზაციებს დაუჭირა და შეადგინა კანონპროექტი, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ავალდებულებს, მედიასაშუალებებთან შეთანხმება გააფორმონ და მათი მასალების გამოყენებისთვის ფული გადაიხადონ. კანონში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა მთავრობამ და პარლამენტს 2020 წლის დეკემბერში წარუდგინა. 17 თებერვალს კი აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო და განსახილველად ზედა პალატას - სენატს გადასცა. 

პირველივე შეფასებით, ავსტრალიის საინფორმაციო ვებგვერდებმა აკრძალვიდან რამდენიმე საათში, ავსტრალიიდან დანარჩენ მსოფლიოში ინფორმაციის ნაკადის დაახლოებით 13%-ი დაკარგეს, საზღვარგარეთიდან შემომავალი ახალი ამბების ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი 30%-ს მიაღწია.

ამ აკრძალვის შედეგად მხოლოდ მედიასაშუალებები არ დაზარალებულან 
ავსტრალის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა Facebook-ის ამ ნაბიჯს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე „ქედმაღლური და სამწუხარო“ უწოდა.  

საქმე იმაშია, რომ Facebook-მა ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს, დასავლეთ ავსტრალიის შტატის მეხანძრეებისა და საავარიო სამსახურის დეპარტამენტის, ქვინსლენდის ჯანდაცვის სამინისტროსა და ავსტრალიის პროფკავშირების საბჭოს გვერდებზე არსებული ინფორმაციაც დაბლოკა. ”ავსტრალიელ მუშებს აღარ შეუძლიათ, თავიანთ შრომით უფლებებს Facebook-ის საშუალებით გაეცნონ. ეს სირცხვილია და საჭიროა ამის სასწრაფოდ შეცვლა”, - წერდა Twitter-ზე ავსტრალიის პროფკავშირების საბჭოს მდივანი სალი მაკმანუსი.

Facebook-მა განაცხადა, რომ გააუქმებდა ყველა იმ გვერდის აკრძალვას, რომლებიც შემთხვევით დაიხურა. ხუთშაბათის შუადღისთვის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი არაერთი ანგარიში ნამდვილად აღდგა, თუმცა გარკვეული საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ყველა მედიასაშუალების გვერდი კვლავ მიუწვდომელი დარჩა. მათ შორის არიან ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორიც არის New York Times-ი, BBC, Wall Street Journal-ი და Reuters-ი. 

Facebook- ის გადაწყვეტილებამ ავსტრალიაში „ყველა გააბრაზა“ 
Facebook- ის გადაწყვეტილება ავსტრალიაში თითქმის ყველამ ერთხმად გააკრიტიკა. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და რიგითი მომხმარებლები. ამ უკანასკნელთ დაიწყეს კამპანია ჰეშტეგით #DeleteFacebook (#წაშალე ფეისბუკი). ისინი ასევე მოუწოდებენ ყველას, წაშალონ თავიანთი ანგარიშები კომპანიის სხვა სერვისებშიც - WhatsApp-სა და Instagram-ზე (თუმცა რამდენი ავსტრალიელი მოიქცა ასე, უცნობია). 

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ავსტრალიის ბიუროს განცხადებით, Facebook-ი ინფორმაციის ნაკადის ცენზურას ცდილობს და ამ საქციელს ”მოვლენების საშიშ შემობრუნებას” უწოდებს. Amnesty International-ის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია იმით, თუ როგორ სურს კერძო კომპანიას გააკონტროლოს ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები ეყრდნობიან". 

მართალია თუ არა, რომ ავსტრალიის მსგავსი კანონები მუშავდება ევროკავშირსა და კანადაშიც?
ავსტრალიის გარდა, ციფრულ პლატფორმებზე ახალი ამბების გამავრცელებელ ორგანიზაციებს მხარს უჭერს ევროკავშირიც. ევროპარლამენტი ამჟამად ორ კანონპროექტს (Digital Services Act — DSA-ი და Digital Markets Act — DMA) განიხილავს. ავსტრალიის კანონის მსგავსად, ისინი ითვალისწინებენ სალიცენზიო შეთანხმებებით გათვალისწინებულ პირობებში სავალდებულო არბიტრაჟს (იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდებიან) და ციფრული პლატფორმებისგან მოითხოვენ, რომ მათ გამომცემლებს ვებგვერდების რანჟირების ალგორითმებში ცვლილებების შესახებ აუცილებლად აცნობონ, - წერს Financial Times-ი. აღნიშნული ინიციატივების ავტორები აცხადებენ, რომ ისინი კანონპროექტებში ცვლილებების შეტანისას ავსტრალიის გამოცდილებას გაითვალისწინებენ. 

გარდა ამისა, კანადის პარლამენტი საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს. აღნიშნული ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მედიასაშუალებების პროფკავშირებს შეეძლებათ ციფრულ პლატფორმებთან კოლექტიური შეთანხმების გაფორმება, რათა ეს ორგანიზაციები მათი მასალების გამოყენებისთვის დაჯილდოვდნენ და მიღებული თანხა მოგვიანებით ერთმანეთში გაინაწილონ. 

შესაძლოა, Facebook- ს ავსტრალიაში თავისი მკაცრი პოზიციის შეცვლა მოუწიოს. ”იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, მომავალში ავსტრალიის მოსახლეობას ახალ ამბებზე წვდომა დავუბრუნოთ”, - ამ სიტყვებით მთავრდება ახალი ამბების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტის, კემპბელ ბრაუნის ბლოგი. 

უკვე 18 თებერვლის დილას ავსტრალიის ხაზინის ხელმძღვანელი (სამინისტრო, რომელიც  საგადასახადო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი და მოქმედებს, როგორც ეკონომიკური მარეგულირებელი) ჯოშ ფრაიდენბერგი Facebook- ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს დაუკავშირდა. ნახევარსაათიან საუბარს მან "ძალიან გულითადი" და "ძალიან კონსტრუქციული" უწოდა. ”ჩვენ გვინდა, რომ ისინი ავსტრალიაში დარჩნენ, მაგრამ ასევე გვსურს, რომ კონტენტის ორიგინალისთვის გადაიხადონ”, - განუცხადა ABC News Australia- ს ფრაიდენბერგმა.

img

სხვა სიახლეები

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა...

5 ნაბიჯი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად

5 ნაბიჯი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად

ბიზნესის ბრენდირებისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები, რათა შეიმუშაოთ ბრენდის წარმეტების სწორი და მარტივი...